FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი : მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ!

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდის მთავარი მწვრთნელი :

 

“მიუხედავად  ყველაფრისა ბრძოლა გრძელდება. დღეს მარცხს არ ვიმსახურებდით, ალოგიკური გოლები მივიღეთ. მეტოქეს ვაჯობეთ – 2-0 ვმარცხდებოდით როდესაც 10 ფეხბურთელით დავრჩით მოედანზე და ჩემმა ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს – 10 წუთიან ინტერვალში 2-2 გახადეს და ანგარიში გაათანაბრეს. რა თქმა უნდა დღესაც იყო “ტრადიციული” არ ჩათვლილი 100%-ანი გოლი, “ტრადიციული” 100%-ანი არ დანიშნული პენალტი და ასევე ჩვენი ფეხბურთელის “ტრადიციული” გაძევება!!!… ბევრი “შეცდომა” იყო, რამაც მიგვიყვანა ამ მარცხამდე. სამწუხაროა, როდესაც მოედანზე შენი შრომა იკარგება, უკვე მერამდენედ!

ასევე მკაფიოდ მინდა ვთქვა ერთი რამ – იმის გამო, რომ “დინამო” სოხუმს ყავს ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელები(შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი, თუ რა ფეხბურთელები თამაშობენ აქ და გამოიტანთ დასკვნას. ამით შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის, პირიქით პატივისცემა ყველა ფეხბურთელს), მექმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა ამ ბიჭების წინააღმდეგაა! ყოველი თამაშის შემდეგ ცილისწამება, ყოველი თამაშის მერე ყოველთვის  ეს ბიჭები არიან მტყუანი და არავინ სხვა?!!! ეს არის სრული სიგიჟე, რაც ხდება! ყველა ცდილობს, რომ ჩვენი ფეხბურთელებიდან და გუნდიდან აპოკალიფსი შექმნას, გაორმაგებული მოტივაციით გამოდიან ჩვენი გუნდის წინააღმდეგ და შემდეგ თამაშებზე აუტსაიდერებთან დიდი ანგარიშებით მარცხდებიან…. მე მესმის ეს ფეხბურთია და ყოველთვის ძლიერებს ებრძვიან და ასე ხდება დღესაც. ბევრი ცილისწამება მოვისმინე და ყოველთვის ჩვენ გვადანაშაულებენ. ეჭვი მებადება, რომ გარკვეული გუნდები არიან შეკრულები და ცდილობენ “გააფუჭონ”  ჩვენი გუნდი! მიუხედავად ამისა, ჩვენ მყარად ვდგავართ ფეხზე და ვიდგებით! ეს გუნდი, კიდევ უფრო გაძლიერდება და ორმაგი მოტივაციით შევხვდებით ყველა შეხვედრას, ვიბრძოლობთ ბოლომდე ჩვენი სახელის და ღირსების დასაცავად! 

მეხუთე სეზონია “დინამო” სოხუმის მთავარი მწვრთნელი მე ვარ და დღეს პირველად მოხდა ისე, რომ თამაშის შემდეგ მივიღე წითელი ბარათი. ვიცი, რომ მე ეს არ შემეფერება და მიუხედავად ბევრი უსამართლობისა, თავი უნდა შევიკავო მსგავსი საქციელისგან. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ეკუთნით ეს ბოდიში! 

მთავარი არის ერთი – ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე!!! ეს მინდა იცოდეს ყველამ და არ ვაპირებთ არც ფარხმალის დაყრას და არც მსგავს რამეს. პირიქით მოედანზეც და მის გარეთაც უნდა ვიყოთ სამაგალითოები და ვანახოთ ყველას ჩვენი ძალა! მე მადლობელი ვარ ჩემი ფეხბურთელების შრომისთვის, გვერდში დგომისთვის და ყველაფრისთვის, რასაც გუნდის მიმართ გამოხატავენ! ასე, რომ ყველაფერი წინ არის და პასუხს ყველა მიიღებს, ისეთს როგორსაც იმსახურებს!!! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp