FC DINAMO SOKHUMI

ყველამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მანო საღარაძის სახით ჰყავს ძალიან ნიჭიერი, მაგარი, ჭკვიანი და პერსპექტიული ფეხბურთელი

ქალთა ფეხბურთში ყოველთვის იყვნენ გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებმაც საკუთარი წარუშლელი კვალი დატოვეს. დროის გასვლასთან ერთად გამოჩნდნენ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც მომავალი 10-12 წლის განმავლობაში შეუცვლელი სახეები იქნებიან.
პირადად მე და არამარტო მე ძირითადად ვსაუბრობთ ანა წულაიაზე, ეთო სულაშვილზე, სოფო ნარსიაზე, ნინი ბუხრიკიძეზე, ლიზი მწყერაშვილზე და ა.შ.
ვთვლი, რომ ჩემი და არამარტო ჩემი მინუსია, რომ უფრო აქტიურად არ ვინტერესდებით და ვაშუქებთ სხვა ისეთ ახალი თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც თავის საქმეს უმაღლეს დონეზე ასრულებენ, მაგრამ არ ჩანან. ეს ფაქტი ნაკლებად სასიამოვნოა..
დღეს მინდა საღარაძე მანოზე გესაუბროთ, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი მშობლიური ქალაქის გუნდში ხობში გაატარა და დღეს დინამო სოხუმის ფეხბურთელია. სულ პირველად მანოს თამაში ტელევიზორში ვნახე, როდესაც პირადად მე მიმყავდა საქართველოს თასის ფინალი ლანჩხუთსა და ხობს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ მეგრულმა გუნდმა აღნიშნული დაპირისპირება ჩააგდო და ანა წულაიას შესანიშნავი გოლის გარდა სხვა რეალური მომენტიც არ ჰქონდა.
ბურთით ძირითადად გურულები იყვნენ და ზურაბ ლატარიას გუნდს დაცვაში უფრო ხშირად ვხედავდით, ვიდრე შეტევაში. ძალიან ბევრჯერ მომიწია გვარი საღარაძის გამეორება. იცით რატომ? ის პრაქტიკულად ყველა შეტევას შლიდა.
იმ დროს, მანოზე არაფერი ვიცოდი და სასიამოვნოდ გამიკვირდა მისი ასეთი კარგი თამაში. რეალურად, ლანჩხუთმა, რომ უფრო დიდი ანგარიშით არ მოიგო პირდაპირ მანოს დამსახურებაა..
სამწუხაროდ, ამის შემდეგაც ვერ მივადევნე მანოს თამაშს აქტიურად თვალი, რადგან, მოგეხსენებათ ქალთა ფეხბურთი სატელევიზიო რეპორტაჟებით განებივრებული არ არის და მეც ყველა თამაშზე სიარულს ვერ ვახერხებ, მითუმეტეს სამეგრელოში. მას შემდეგ, რაც მანო დინამო სოხუმში გადავიდა უფრო ხშირად მიწევს მისი თამაშის ყურება.
ვთვლი, რომ ფეხბურთელის უნარების და შესაძლებლობების შეფასება 100% ზუსტად შემიძლია. ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს ქართველ ქალ ფეხბურთელებს ფიზიკური სიმძლავრე და გამძლეობა აკლიათ. ეს მათი ბრალი არ არის და არ იფიქროთ, რომ ვინმეს ვაკრიტიკებ. პირობების არ ქონაზე, რომ დავიწყო ლაპარაკი და ამის მიზეზებზე ძალიან შორს წავალ და მთავარ თემას გადავუხვევ.
ვინც მანოს იცნობს, იცის, რომ ფეხბურთის გარდა რაგბსაც ძალიან წარმატებით თამაშობს. ორ სპორტში აქტიურად ყოფნა და გამუდმებული ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა მანოს ძალიან ეფექტურ და სასარგებლო ფეხბურთელად ხდის. მის ყველა თამაშს დავესწარი, რომელიც დინამო სოხუმში გამართა და ასევე რამდენიმე ვარჯიშს. ამ ფეხბურთელს საოცარი ენერგია აქვს და მისი დაღლა წარმოუდგენელია.
სისწრაფე, ძალა, ბურთთან ურთიერთობა, დარტყმა.. ეს არის ის კომპონენტები, რომლებიც მანოს იდეალურ დონეზე აქვს განვითარებული და თითოეულ მატჩში დინამო სოხუმისთვის ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს. ვფიქრობ, როდესაც მანო მოედანზეა და დაცვის ფლანგზე დგას, იქ ნებისმიერს გაუჭირდება და გუნდი საიმედო ხელშია.
ბევრი, რომ აღარ გამიგრძელდეს.. ყველამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მანო საღარაძის სახით ჰყავს ძალიან ნიჭიერი, მაგარი, ჭკვიანი და პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაიმკვიდროს. და ბოლოს, ვთვლი, რომ მასზე ბევრად მეტმა უნდა იცოდეთ, ვიდრე ახლა იცით. ვინმეს თუ ჩემი სიტყვების არ გჯერათ, დაესწარით დინამო სოხუმის ნებისმიერ თამაშს. პატივისცემით ნიკა მითაიშვილი
წყარო : ქალთა ფეხბურთი – ფეისბუქ ჯგუფი . ჟურნალისტი ნიკა მითაიშვილი
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp