FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილის კომენტარი “კასპი” – “დინამო” სოხუმი და “ბათუმი” — “დინამო ბ” სოხუმის განვლილ მატჩებზე .

შეგახსენებთ, რომ “დინამო” სოხუმის ვაჟთა გუნდი, რომელიც მონაწილეობას იღებს საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშებაში, ლიდერებს შორის იმყოფება. გუნდმა 22 ივნისს მორიგი ტურის მატჩი, კასპის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივ გუნდითან გამართა, სადაც საყაიმო ანგარიშით 1-1 დაფიქსირდა.

ვიცოდით, რომ რთული თამაში გეველოდებოდა წინ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გუნდს ბევრი დანაკლისი აქვს – თორნიკე გობრონიძე, დავით მოსულიშვილი, აკაკი ხუხუნაშვილი, გიორგი კოკაია, ბიჭებმა კარგი თამაში აჩვენეს. პირველი ტაიმში გაგვიჭირდა, ალბათ უფრო ადაპტაცია იმ გარემოსთან, რომელიც კასპის სტადიონზე იყო შექმნილი. ვგულისხმობ იმას, რომ სტადიონი სავსე იყო გულშემატკივრებით და ეს ჩვენთვის უჩვეულოა! ზოგადად მივესალმები მაყურებლის მობრუნებას სტადიონებისკენ, ეს ძალიან კარგი ტენდენციაა და ძალიან მიხარია, მაგრამ ალბათ გულშემატკივრობა არ არის, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდს და მის ფეხბურთელებს 90 წუთის განმავლობაში აგინებ და შეურაცყოფას აყენებ! ამას არც კასპის ნამდვილად სიმპატიური გუნდი და არც ეს შესანიშნავი ქალაქი იმსახურებს! იმედი მაქვს, რომ ეს გამოსწორდება და გულშემატკივარი არა რომელიმე გუნდის საგინებლად, არამედ შეხვედრის სანახავად და საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ მოვა სტადიონზე. 

რაც შეეხება უშულოდ მატჩს, როგორც უკვე ვთქვი, პირველი ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ გოლის გატანა მაინც მოვახერხეთ და იყო მომენტი შეხვედრის 29 წუთზე, სადაც ჩემი აზრით 100% – ანი პენალტი არ დანიშნა მსაჯმა კასპის კარის მიმართულებით! ეს ჩემი სუბიექტური აზრია, არსებობს ვიდეოჩანაწერი და  ბევრმა ადამიანმა ნახა კიდეც ეს ვიდეო და ყველას აზრი ერთია, რომ ამ ეპიზოდში ნამდვილად უნდა დანიშნულიყო პენალტი! მეორე ტაიმი ძალიან კარგი იყო, შევქმენით ბევრი საგოლე მომენტი, უფრო აქტიურები ვიყავით შეტევაში, დაცვაში შეცდომები კი მინიმუმამდე იყო დაყვანილი. გვქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი, რომლებიც იყო რეალური, მაგრამ მისი რეალიზაცია ვერ მოვახდინეთ და ვერ მოვახერხეთ დაგეგმილი სამი ქულის აღება. ვთვლი, რომ ამ შეხვედრაში ჩემი ფეხბურთელები სამ ქულას იმსახურებდნენ! 

ეს ყველაფერი კი დღეს წარსულია და უკვე 30 ივნისს გასამართ მატჩზე ვფიქრობთ, სადაც უფრო რთული შეხვედრა გველოდება “ნორჩი დინამო” -ს წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, სხვა გზა არ გვაქვს! ვიცით, რომ ნორჩი დინამო კარგი გუნდია და იქნება ბევრი ორთაბრძოლა მოედანზე, ამიტომ მოგვიწევს განსაკუთრებულად მოვემზადოთ ამ შეხვდრისთვის. დარწმუნებული ვარ ჩემი ფეხბურთელები, თავის ხასიათს გამოავლენენ და გუნდი სამ ქულას აიღებს! 

 

21 ივნისს გაიმართა შეხვედრა ქალთა ლიგა 2 – ში, სადაც “დინამო ბ” სოხუმი, სტუმრად “ბათუმს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 2 : 1 დამარცხდა. 

 

ბათუმი გათამაშების ლიდერი გახლავთ. ვიცოდით, თუ სად მივდიოდით და რა გუნდის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში. მინდა თავშივე ვთქვა, რომ ეს გუნდი არ არის ლიგა 2-ის დონეზე და ნამდვილად უმაღლესი ლიგის დონის გუნდია! თამაში კარგად დავიწყეთ, ვქმნიდით მომენტებს და ვუტევდით მწვავედ, მოწინააღმდეგე კი კონტრშეტევებზე გვიქმნიდა პრობლემებს. მიუხედავად ამისა, კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ, გოლის გატანაც შევძელით და პირველი ტაიმი მოვიგეთ. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მეორე ტაიმი იქნებოდა ძალიან რთული და მოწინააღმდეგე ორმაგი მოტივაციით გამოვიდოდა მოედანზე, მოგვიწევდა მეტ ორთაბრძოლაში შესვლა და ამ ორთაბრძოლების მოგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გოლს მივიღებდით. ასეც მოხდა, მეორე ტაიმის 25 წუთი ჩავაგდეთ და მივიღეთ კიდეც გოლი. მეორე ტაიმში დაცვის ხაზის თამაში კი, კრიტიკას ვერ უძლებდა. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ და მოწინააღმდეგის კართან შევქმენით არა ერთი მონენტი, მიუხედავად ამისა, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, კონტრშეტევა გამოგვეპარა, მივიღეთ გოლი და შეხვედრა დავთმეთ 2-1. 

ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს. მიუხედავად მარცხისა, არაფერია დასრულებული. ვეცდებით, რომ შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ ეს მინუსები და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. ბათუმს კი მინდა მივულოცო ეს დამსახურებული გამარჯვება და შემდეგ შეხვედრებში წარმატებები ვუსურვო, ამ მართლაც შესანიშნავ გუნდს! 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp