FC DINAMO SOKHUMI

A.S. MUSAU 1945-ის მიწვევით ს.კ. “დინამო” სოხუმის გოგონათა U13 გუნდი სტრასბურგში გაემგზავრება!

A.S. MUSA 1945-ის მიწვევით, “დინამო” სოხუმის გოგონათა ცამეტ წლამდელთა გუნდი, სტრასბურგში გაემგზავრება!

2022 წლის 25-27 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, U13 გოგონათა საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალში, ს.კ. “დინამო” სოხუმიც მიიღებს მონაწილეობას!

ფესტივალში 20 ქვეყნის საფეხბურთო კლუბი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან, იტალიიდან, დანიიდან და ა.შ.

ჩვენი აკადემიის გოგონათა 13 წლამდელთა გუნდისთვის, ეს პირველი საერთაშორისო ტურნირი იქნება.

აღსანიშნავია, რომ გუნდი სრულად დაკომპლექტებულია,  ს.კ. “დინამო” სოხუმის აკადემიის საფეხბურთო ცენტრის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების გოგონებით, რომელიც თბილისის ზღვის უბანში, აფხაზეთის ილია ვეკუას სახელობის N3 საჯარო სკოლასთან, ვახტანგ ჩოჩიშვილის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს!

დავით თაქთაქიშვილი(ს,კ, “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე): აღნიშნული ტურნირი ხელს შეუწყობს ფეხბურთელების განვითარებას. საერთაშორისო გამოცდილება არის ის, რაც ჩვენ ქალ ფეხბურთელებს აკლიათ და ჩვენი კლუბის მთავარი საზრუნავი სწორედ ეს გახლავთ, რომ ფეხბურთელებმა მიიღონ გამოცდილება. საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, შვედეთის და სხვა მოწინავე ქვეყნების საუკეთესო საფეხბურთო აკადემიებთან მოგვიწევს შეხვედრა, რაც იქნება არამარტო ჩვენი გუნდის, არამედ საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი! ჩვენი აკადემიიდან, ასაკობრივ ნაკრებში მოხვედრილ ფეხბურთელებს, ექნებათ ის გამოცდილება, რაც სამწუხაროდ დაბალ ასაკში ჩვენს ფეხბურთელებს არ აქვთ. ამით ვიწყებთ და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავსი მიმართულებით განვითარებას! ეს, ჩვენი გუნდის განვითარებასთან ერთად, საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარებაცაა და როდესაც ვამბობთ, რომ “დინამო” სოხუმი არის N1 გუნდი, რომელიც მუშაობს ქალთა ფეხბურთის მიმართულებით ისე როგორც არავინ, მსგავსი პროექტი აუცილებელია!   

——————————————————————————————                                                                            

მამუკა ბიძინაშვილი(ს.კ. “დინამო” სოხუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქართველ გოგონებს არავიზე ნაკლები ნიჭი და პოტენციალი არ აქვთ, თუ მეტი არა! მთავარი ამ ეტაპზე, მათი ადაპტირებაა საერთაშორისო სტანდარტებთან და რაც შეიძლება მეტჯერ და რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც, სწორედ ეს გახლავთ! უამისოდ რაიმე სერიოზულ ძვრებზე და წარმატებებზე, ლაპარაკი უადგილოა! მიმაჩნია, რომ მსგავსი გასვლები, ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს, ჩვენში ქალთა ფეხბურთის განვითარებას!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp