FC DINAMO SOKHUMI

დავით თაქთაქიშვილი – ზოგიც გვიყურებს “დურბინდით”, რომ რამე შეგვეშალოს და “ჩაგვქოლონ”

დავით თაქთაქიშვილი – საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე:

“პირველყოვლისა, მინდა დავიწყო იმ დიდი ვნებათაღელვით, რაც ჩემმა განცხადებამ გამოიწვია, რომ “დინამო” სოხუმის მიზანია ქალთა შორის გავხდეთ საქართველოს ჩემპიონები და ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგა. ძალიან ბევრგან დაიწერა და ეს მე მიხარია. მესმის, შესაძლოა ეს ვინმესთვის იყოს რთულად მისაღები, ბევრსაც არ მოეწონება ჩვენი კლუბისგან მსგავსი მიზნები, ზოგიც გვიყურებს “დურბინდით”, რომ რამე შეგვეშალოს და “ჩაგვქოლონ”. ვითავისებ ყოველივეს და დროებით ვწყვეტ ყოველგვარ კონტაქტს მედიასაშუალებებთან იქამდე, სანამ კლუბი არ გააკეთებს ფეხბურთელების ოფიციალურ პრეზენტაციას და არ გამართავს პრესკონფერენციას. გამონაკლისი იქნება ტელეკომპანია GMTV, სადაც ვისაუბრებ ამომწურავად ყველა საკითხზე. 

მინდა ასევე ვთქვა ერთი რამ – ჩვენს კლუბს მხოლოდ ქალთა გუნდი არ ყავს და მხოლოდ მის განვითარებაზე არ ვფიქრობთ. გვყავს ვაჟთა შესანიშნავი გუნდი, 16-17 წლის ბიჭებით დაკომპლექტებული. გუნდი, რომლის თამაშის ყურება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, სიამოვნებას მანიჭებს! მათი სათამაშო ტექნიკა, სილაღე მოედანზე! ეს ის გუნდია, რომელსაც “დინამო” სოხუმი იმსახურებს. ბევრი წლის  განმავლობაში, მიზეზთა გამო, ერთ ადგილს ვტკეპნიდით! დღეს ასე არ არის, გვყავს ძალიან მაგარი რეგიონლიგის გუნდი, გვყავს 19, 17, 15 წლამდელთა გუნდები, ასევე ვაჟთა აკადემია 6-დან 19 წლის ჩათვლით, გვყავს ქალთა გუნდები, ქალთა აკადემია 6-დან 19 წლამდე გოგონები და ვმუშაობთ ბევრი მიმართულებით. ჩვენი გუნდების მატჩების პირდაპირი ტრანსილაციები გადაიცემა ტელევიზიით და ვცდილობთ განვვითარდეთ და სჯობს ეს საქმით დაგანახოთ და ის სკეპტიციზმი გავაქარწყლოთ, რაც არსებობს გარკვეულ დილეტანტ საზოგადოებაში. 

აგრეთვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ბატონ ლევან კობიაშვილს, 2021 წელს კლუბს გაჭირვების დროს, რომ დაუდგა გვერდით და სრულიად უფასოდ მოგვცა საშუალება ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში ვარჯიშის და თამაშის! ჩვენი კლუბი ამას არასდროს დაივიწყებს და მას უხდის დიდ მადლობას! 

წინ ბევრი სიახლე არის. 31 იანვარს ტელეკომპანია GMTV – ის პირდაპირ ეთერში ვისაუბრებ დანარჩენზე, ლაშა გიორგობიანის გადაცემაში! იქამდე კი გთხოვთ ყველა მედიასაშუალებას, რომ დაელოდოთ ოფიციალურ პრეზენტაციას და პრესკონფერენციას და იქიდან შეიტყოთ კლუბში არსებული სიახლეების შესახებ. მესმის, რომ ინტერესი საკმაოდ დიდია, მაგრამ გარკვეულ საკითხებს, რომ არ მოყვეს სპეკულაცია, ამიტომ კლუბი ღებულობს ამ გადაწყვეტილებას”. 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp