FC DINAMO SOKHUMI

“მოგზაურობა ისტორიაში” – “დინამო” სოხუმი საქართველოს 1927 და 1928 წლების ჩემპიონატებში!

საქართველოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი ფეხბურთში. 1927 წელი.

1927 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ფოთში ჩატარდა საქართველოს პირველობა. იქამდე გუნდები, ჯერ კიდევ ქალაქების სახელით ასპარეზობდნენ.

პრესა ამ ტურნირს უკვე ჩემპიონატად მოიხსენიებდა. მაგალითად ჟურნალი “საბჭოთა ფიზკულტურა”( 5 ნოემბერი, 1927 წელი) წერს – “ქალაქ ფოთში გაიმართა შეჯიბრი, პირველხარისხოვან გუნდებს შორის 1927 წლის საქართველოს პირველობაზე”.

აქ სიტყვა პირველხარისხოვანი ნიშნავდა, რომ იყო მეორეხარისხოვანი გუნდების ჩემპიონატიც, რომელიც ქალაქ ქუთაისში იმართებოდა და მისი გამარჯვებული “გორი” გახდა, რომელმაც 1928 წლის საქართველოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფში ითამაშა.

რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონატს, აქ ყველაფერი გადაწყდა, როდესაც  თბილისის “დინამო” და ბათუმის “დინამო” შეხვდნენ ერთმანეთს. მიუხედავად თბილისელთა დიდი უპირატესობისა, მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა და საქართველოს პირველი ჩემპიონიც, “დინამო” ბათუმი გახდა!

“დინამო” სოხუმის ასპარეზობა, 1927 წლის საქართველოს პირველ ჩემპიონატში,  წარუმატებული გამოდგა. გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა, გაიტანა 3 და გაუშვა 6 ბურთი.  ორ შემთხვევაში დამარცხდა, ხოლო ერთი მატჩი მოიგო.

ასე გამოიყურება 1927 წელს “დინამო” სოხუმის მიერ ჩატარებული მატჩები:

1 . “დინამო” სოხუმი – 0 : 2 – “დინამო” თბილისი

2 . ” კოლხეთი ” ფოთი – 1 : 2 – “დინამო” სოხუმი

3 . “დინამო” სოხუმი – 1 : 3 – “დინამო” ბათუმი

ეს ნამდვილად არ იყო საუკეთესო წელი და ჩემპიონატი “დინამო” სოხუმის ისტორიაში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ 1928 წლის საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ, 1936 წლამდე არ მოიძიება არანაირი ინფორმაცია, დღეს შემოგთავაზებთ 1928 წლის ჩემპიონატის მიმოხილვასაც, ხოლო 1936 წლის ჩემპიონატზე, ძალიან საინტერესო წერილით, ხვალ გესაუბრებით.

 

მაშ ასე, 1928 წელი. ჩემპიონატში მონაწილეობას უკვე 5 გუნდი იღებდა.  გამარჯვება იზეიმა  თბილისის “დინამომ”. მათ ბათუმის “დინამო”-ს აჯობეს, რომლებიც გადამწყვეტი შეხვედრის სათამაშოდ არ გამოცხადნენ და ავტომატურად წაგება ჩაეთვალათ. ბათუმელები გათამაშებიდან მოიხსნენ და მათ მიერ დაგროვილი ქულები გაუქმდა.

აღსანიშნავია, რომ მაშინდელი თბილისის “დინამო”, იყო ამიერკავკასიის ყველზე ძლიერი გუნდი, რომლის ბაზაზეც შეიქმნა შემდგომში საქართველოს ნაკრები.

ამ ჩემპიონატში როგორც გითხარით, ხუთი გუნდი მონაწილებოდა: “დინამო” თბილისი, “დინამო” სოხუმი, “კოლხეთი” ფოთი, “გორი” და “დინამო” ბათუმი. სოხუმელები ვიცე-ჩემპიონები გახდნენ და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. მატჩების შედეგები კი შემდეგი გახლდათ:

1 . “დინამო” სოხუმი – 0 : 0 – “დინამო” თბილისი

2 . “კოლხეთი ” ფოთი – 1 : 1 – “დინამო” სოხუმი

3 . “დინამო” სოხუმი – 5 : 2 – “გორი ”

4 . “დინამო” ბათუმი – 5 : 0 – “დინამო” სოხუმი

 

დღეისთვის სულ ეს იყო. ხვალ შემოგთავაზებთ 1936 წლის ჩემპიონატზე ვრცელ სტატიას.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        ფოტოზე: “დინამო” სოხუმი, 1972 წელი. ზედა რიგში, მარჯვნიდან მეოთხე, ლეგენდარული მეკარე ოთარ გაბელია.

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp