FC DINAMO SOKHUMI

“მოგზაურობა ისტორიაში” – პირველი რესპუბლიკური ტურნირი და “დინამო” სოხუმი. 1925 წელი

მოგესალმებით! ჩვენი გულშემატკივრების თხოვნით გვინდა აღვადგინოთ რუბრიკა ‘მოგზაურობა ისტორიაში”! პუბლიკაციები დაიდება კვირაში ორჯერ და ის მოიცავს პერიოდს, 1925 წლიდან 2022 წლის ჩათვლით. მოხდება ყოველი კალენდარული წლის მიმოხილვა! გაგაცნობთ შედეგებს, შემადგენლობებს და ასე შემდეგ!

მაშ ასე, დავიწყოთ: “დინამო” სოხუმი 1925 წლის 14 იანვარს, ქალაქ სოხუმში ჩამოყალიბდა. 1936 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს სსრ საფეხბურთო ჩემპიონატში და თასის გათამაშებაში. საქართველოს სსრ ორგზის(1947; 1948) ჩემპიონი და საქართველოს სსრ თასის ორგზის(1944; 1948) მფლობელი. ასევე, გასულ საუკუნეში ერთობ პრესტიჟულად მიჩნეული, სსრკ-ის კონსტიტუციის(1957), სსრკ-ის სპორტსაზოგადოებათა კავშირის(1962) და ორჯერ(1966; 1984) შოთა შავგულიძის სახელობის თასების მფლობელი.

1925 წელს გაიმართა პირველი რესპუბლიკური ტურნირი, რომელსაც 1927 წელს სახელი გადაერქვა და საქართველოს ჩემპიონატად მოინათლა.

მონაწილეთა შორის იყვნენ: “გორი”, “ზაჰესი”, “დინამო” სოხუმი, “თბილისი”(შემდგომში “დინამო” თბილისი), “ფოთი”, “ქუთაისი”(შემდგომში “დინამო” ქუთაისი), “ბორჩალო”.

ტურნირი ოთხ ეტაპად გაიმართა. “დინამო” სოხუმმა ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც “დინამო” თბილისს დაუპირისპირდა, იქამდე კი “ქუთაისთან”, დრამატული სამმატჩიანი დუელი გამართა. პირველი შეხვედრა  სოხუმში ფრედ 2-2 დასრულდა. ფრე(0-0) დაფიქსირდა ქუთაისშიც და გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა გადამწყვეტი მატჩი ნეიტრალურ მოედანზე(უცნობია სად), სადაც დინამოელებმა, ანგარიშით 4-0 სძლიეს მეტოქეს და ფინალში გასვლა მოახერხეს.

თბილისში გამართული ფინალი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველი ნახევარი ერთადერთი გოლით სოხუმელებმა მოიგეს 1-0. შესვენების შემდეგ შეხვედრა, “დინამო” თბილისის უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც შელეს გარდატეხის შეტანა, სამი უპასუხო ბურთი მოათავსეს მოწინააღმდეგის კარში და ანგარიშით 3-1 იმარჯვეს. ასე გახდა “დინამო” თბილისი პირველი რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებული.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ,  შემდგომში ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები: ანდრო ჟორდანია, ისიდორე გაგუა, გრიგოლ ფაჩულია და გიორგი  ვაჩნაძე.

სამწუხაროდ, სხვა ინფორმაცია არ მოიძებნება, თუ როგორ მიმდინარეობდა ტურნირი, რა შემადგენლობებით თამაშობდნენ გუნდები და ასე შემდეგ.

  • 1925 წლის ტურნირს ჩემპიონატად არ თვლიდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც, რომელიც თავის სამომხმარებლო ცნობარში, ჩემპიონატის ათვლას ყოველთვის 1927 წლიდან იწყებდა.
  • რაც შეეხება 1925 წლის ტურნირს, იგი საქართველოს ჩემპიონატად ვერ ჩაითვლება, რადგან: 1. ტურნირი ჩატარდა მეტად უცნაური სისტემით  2. ტურნირი ჩატარდა ბლიცის რიტმში 3. პრესა უწოდებს “ტურნირს” და არა ჩემპიონატს. იგი, რომ ჩემპიონატი ყოფილიყო და თანაც პირველი, პრესა ამას აუცილებლად აღნიშნავდა 4. ტურნირში არ მონაწილეობდა იმ დროისთვის საუკეთესო გუნდი “დინამო” ბათუმი. საფიქრებელია, ეს ტურნირი ჩემპიონატი რომ ყოფილიყო, ბათუმელები მასში აუცილებლად ჩაებმებოდნენ. განა რა თამაშდებოდა საქართველოში მაშინ, რომ ბათუმის “დინამო”-ს  თითქმის ნაღდ ტიტულზე უარი ეთქვა?!
  • როგორც გაზეთი “კომუნისტი”(21 ივნისი, 1925 წელი), პატარა სტატიაში აღნიშნავდა, თამაშის ხარისხის მხრივ “დინამო” თბილისის შემდეგ, საუკეთესო შთაბეჭდილება “დინამო” სოხუმის გუნდმა დატოვა – ნათქვამია ალექსანდრე ქურდობაძის წიგნში “ქართული ფეხბურთის ქრონიკები”.

საინტერესო სია გამოაქვეყნა სეზონის ბოლოს ჟურნალმა “ამიერკავკასიის ფიზკულტურელმა”, რომელმაც შეადგინა ამიერკავკასიის 30 საუკეთესო ფეხბურთელის სია(დიდი ალბათობით, ეს იყო ოფიციალურად გამოქვყნებული პირველი სია საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში). საინტერესო ის გახლავთ, რომ ამიერკავკასიის საუკეთესო 30 ფეხბურთელს შორის მოხვდა “დინამო” სოხუმის ფეხბურთელი გვარად ბელოვი, რომელიც საუკეთესო მარცხენა ნახევარმცველად იქნა დასახელებული, ისევ ალექსანდრე ქურდობაძის წიგნიდან ვციტირებთ.

 

დღეისთვის სულ ეს იყო. რუბრიკის – “მოგზაურობა  ისტორიაში” მომდევნო წერილი, 14 იანვარს გამოქვყნდება. სიმბოლურიცაა, ამ დღეს ხომ “დინამო” სოხუმს 97 წელი უსრულდება! ძალიან საინტერესო სტატია გელოდებათ წინ! 

 

ფოტოზე აღბეჭდილი გახლავთ “დინამო” სოხუმის პირველი გუნდი, რომელიც გადაღებულია 1925 წელს, რესპუბლიკური ტურნირის დასრულების შემდგომ. 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp