FC DINAMO SOKHUMI

მამუკა ბიძინაშვილის კომენტარი კლუბში მიმდინარე მოვლენებზე

საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის – მამუკა ბიძინაშვილის კომენტარი კლუბში მიმდინარე მოვლენებზე:
– თუ კლუბის მუშაობის შეფასებაზეა საუბარი, ვიტყოდი რომ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ თავიდანვე პრიორიტეტად კლუბის ინფრასტრუქტურის განვითარება დავისახეთ და ამისკენ მივმართეთ ძირითადი აქცენტი, რადგან თუ კლუბს არ გააჩნია მინიმუმ საწვრთნელი ბაზა, მის შემდგომ განვითარებაზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვა არასერიოზულია და დღეს უკვე შემიძლია განვაცხადო, რომ მიზანი მიღწეულია და სოხუმის “დინამო”-ს ექნება საკუთარი ბაზა და სტადიონი, რასაც მალე იხილავს გულშემატკივარი!
– ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე საკლუბო სეგმენტი და ძალიან მნიშვნელოვან ადგილს მათ შორის იკავებს ჩვენი აკადემია, რომელიც უახლოვეს ხანებში მოგვცემს ჩვენი გუნდების ჩვენივე კადრებით შევსების შესაძლებლობას, რომლებიც უკვე ადაპტირებულები იქნებიან ჩვენს საკლუბო გარემოსთან და ფილოსოფიასთან და ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, კლუბის საერთოდ არსებობისთვის და შემდგომი განვითარებისთვის! აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენთან მოზარდების მომზადების საფასური ერთობ სიმბოლურია, ხოლო სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულთა კატეგორიისთვის მნიშვნელოვანი შეღავათები არის დაწესებული, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უფასოა! ასევე, უფასოა მომზადება გოგონათა მიმართულებით, სადაც უკვე ორასზე მეტი მოზარდია დარეგისტრირებული და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება! შევქმენით ჩვენი ცენტრები, ჯერჯერობით ოთხ ლოკაციაზე, რათა ბავშვებს გაუადვილდეთ სავარჯიშოდ მისვლა. წლის ბოლომდე, ვგეგმავთ ამ რიცხვის გაორმაგებას, ხოლო მომავალი წლისთვის ოცი ასეთი ცენტრი უნდა გვქონდეს! მეტსაც ვიტყვი – რომ არა კოვიდიდან გამოწვეული პრობლემები, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით 2020 წლის მარტიდან, ოცი ცენტრი უკვე გვექნებოდა!
– სოხუმის “დინამო” წლების განმავლობაში, არა მარტო ფეხბურთელებით მასაზრდოვებელი ლამის ერთადერთი წყარო გახლდათ ქართული ფეხბურთის ფლაგმანისთვის, არამედ კვალიფიციური მწვრთნელების მომზადებითაც გამოირჩეოდა ყოველთვის და ამ მიმართულებას საგანგებო ყურადღებას ვაქცევთ. აქცენტს, ძირითადად ახალგაზრდა მწვრთნელებზე ვაკეთებთ და მათი საქმისადმი დამოკიდებულება მაფიქრებინებს, რომ ისინი დიდ სამსახურს გაუწევენ ქართულ ფეხბურთს!
– წლევანდელ წელს უდავოდ აღსანიშნავია, ჩვენი ქალთა გუნდის ბრწყინვალე ასპარეზობა! ახალგაზრდა მწვრთნელების – თენგიზ ნათაძის და ზურაბ სამუშიას ხელმძღვანელობით, გუნდი ეროვნული ლიგა 2-ის უპირობო ფავორიტი და ეროვნულ ლიგაში აღზევების მთავარი პრეტენდენტია! მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სამი ფეხბურთელი – ელენე გაზდელიანი, ლიზი გომელაური და მარია იზაბელა მელიქიშვილი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გამოიძახეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთან კიდევ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ ნაკრებ გუნდებში გამოძახებას და გასინჯვას მაინც – ანა კულდონაშვილი, ნინო ჩანგელია, ლანა ქარდავა, თამარ ეპიტაშვილი, ელენე ზაალიშვილი, ნუცა სირაძე, ჯესიკა კურბატოვა, თეკლა ბურჯანაძე, ელენე ომიაძე…. რვა თამაშიდან რვა გამარჯვება, არ არის იოლად მისაღწევი და ამ გოგონების მოტანილია ეს შედეგი! ამას ვინმეს საწყენად არ ვამბობ, ისიც მესმის, რომ ნაკრები არ არის “რეზინი”-ს, ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მათ ძალუძთ კონკურენციაში შესვლა ნებისმიერ ფეხბურთელთან საქართველოში და სადაც არის კონკურენცია, როგორც წესი, იქ უეჭველად დგება შედეგიც!
– ბოლოს, არ შემიძლია, სამადლობელი სიტყვები არ ვთქვა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და პირადად ბატონი ლევან კობიაშვილის მისამართით, რომელსაც თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, კარგად ესმის “დინამო” სოხუმის არსებობის არსი ქართულ და აქედან გამომდინარე უეფა-ს და ფიფა-ს, მსოფლიოს ამ ორი, ყველაზე მასობრივი ორგანიზაციის სივრცეში! ასევე, უდიდესი მადლობა კომპანია RMG / არემჯი -ს, ქართულ ბრენდს! ქართულ საქმეში გაწეული თანადგომისთვის და დახმარებისთვის!
Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp