FC DINAMO SOKHUMI

რეზო ძოძუაშვილი – 1964-1965 წლები სოხუმის დინამოში გავატარე. ეს დაუვიწყარი დროა ჩემთვის!

1964-1965 წლები სოხუმის დინამოში გავატარე. ეს დაუვიწყარი დროა ჩემთვის!

“დინამო” სოხუმში თამაშის დროს, ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ვთამაშობდი! დიახ ფორვარდი გახლდით, სხვათაშორის ოცზე მეტი გოლი გავიტანე იმ სეზონში. შემდეგ უკან დამწიეს. ჩემი საფეხბურთო ცხოვრების მანძილზე, მე მგონი ყველა პოზიციაზე მაქვს ნათამაშები….

“დინამო” სოხუმში დავბრუნდი მრავალი წლის შემდეგ, ამჯერად მწვრთნელის რანგში და გუნდი თასის 1/16 ფინალშიც გავიყვანე…

ერთი ისტორია მაკავშირებს “დინამო” სოხუმთან კიდევ, ოღონდ მსაჯობის პერიოდში:

სოხუმის „დინამოს” და ფოთის „კოლხეთის” მთავარი მსაჯი ვიყავი. მოგების შემთხვევაში ფოთელები მეორე ადგილზე გადიოდნენ, სოხუმელები კი, მარცხის შემთხვევაში, ლიგიდან ვარდებოდნენ. იყო ერთი გაწევ-გამოწევა, ჩხუბიც მომიხდა, თუმცა დიდი არაფერი. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამის შემდეგ ფოთის გუნდის ხელმძღვანელები თბილისში, რესპუბლიკის სპორტკომიტეტში მივიდნენ რამაზ გოგლიძესთან – ჩემზე ჩიოდნენ. გოგლიძემ ისინი გარეთ გაყარა – თქვენ ის ხალხი არ ხართ, ძოძუაშვილის მსაჯობა ასწავლოთო! ეტყობა ფოთელებმა წყენა გულში ჩაიდეს და წლების შემდეგ ერთ-ერთ შეხვედრაზე, ჯგუფურად ფიზიკურად გამისწორდნენ! თუმცა რაც იყო, იყო – მსაჯობამ ბევრი მასწავლა.

 

“დინამო” სოხუმი უდიდესი გუნდია, რომელმაც ბევრ ლეგენდარულ ფეხბურთელს გაუკვალა გზა და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც დღესაც ვხედავ ამ გუნდს თავისი მიზნებით და თავისი ამბიციებით, ეს სიამაყის გრძნობას მიჩენს, რადგან ამ გუნდში მეც მაქვს ოფლი დაღვრილი!

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp