FC DINAMO SOKHUMI

მნიშვნელოვანი წამოწყება! 20 საფეხბურთო ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით!..

მნიშვნელოვანი წამოწყება! 20 საფეხბურთო ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით!..

სულ კლუბი თბილისის და ქვეყნის მაშტაბით 20 ფილიალის გახსნას აპირებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ამ პროექტს მნიშვნელოვან წამოწყებას უწოდებს:

“ქართულ ფეხბურთს დიდი ტრადიციები ჰქონდა, რაც დიდწილად აფხაზეთსა და სოხუმის “დინამოს” უკავშირდება. ამ გუნდში ქართული ფეხბურთის ლეგენდები გაიზარდნენ და მიმაჩნია, რომ ამ ტრადიცის შენარჩუნება და გუნდის სახელის გაფრთხილება უმნიშვნელოვანესი საქმეა.

სოხუმის “დინამოს” მიერ წამოწყებული საფეხბურთო ცენტრების დაფუძნების პროექტი ამიტომაცაა მნიშვნელოვანი. ამ საქმეში ჩვენი კლუბის აქტივობა და ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის თანადგომა უმნიშვნელოვანესია.

ეს ინიციატივა და პროექტი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიშალოს, რათა, უპირველესად, მოემსახუროს ჩვენს დევნილ ბავშვებს. ის ტრადიციები, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთს აქვს, უნდა შევინარჩუნოთ და განვავრცოთ”, – ამბობს რუსლან აბაშიძე.

სოსო მალანია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: “სოხუმის “დინამოს” საფეხბურთო სკოლის ფილიალის გახსნა ძალიან კარგი ფაქტია, რადგან ეს გუნდი ქართული ფეხბურთის ხერხემალი იყო.

აქ ბევრი ლეგენდარული ფეხბურთელი გაზრდილა და იმედია, ამ სკოლაში, სოხუმის “დინამოს ქოლგის ქვეშ, ჩვენი ფეხბურთის მომავალი გაიზრდება. ომის შემდეგ საქართველოს სხვდასხვა ქალაქში გადმოსული აფხაზეთის გუნდები ერთმანეთთან მჭირდო კავშირში უნდა ვიყოთ და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ.

მე სოხუმის “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში 10 წელი ვითამაშე და დიდი იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან აფხაზეთში დავბრუნდებით და ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად გუნდს კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიყვანთ”.

დავით თაქთაქიშვილი, სოხუმის “დინამოს” გენერალური დირექტორი: “ბოლო ინფორმაციით, ავჭალაში 6-დან 14 წლამდე ასაკის ორმოცდაათამდე მოზარდმა უკვე გაიარა რეგისტრაცია – როგორც გოგონებმა, ასევე – ვაჟებმა. 2020 წლის ბოლოს, კლუბმა ცენტრი უკვე ზემო ფონიჭალაში გახსნა, სადაც ოცდაათამდე გოგონა სრულიად უფასოდ ვარჯიშობს”.

მამუკა ბიძინაშვილი, სოხუმის “დინამოს” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: “საფეხბურთო ცენტრების ფორმირებასა და განვითარებაში, წვლილის შეტანა ჩვენმა სპონსორებმაც გადაწყვიტეს.

სწორედ მათი – თბილისის მერიის, საკრებულოს, აფხაზეთის მთავრობის და ჩვენი კლუბის დიდი ძალისხმევით მსგავსი საფეხბურთო ცენტრები თბილისის ათ უბანში გვექნება, ხოლო საქართველოს მაშტაბით  კიდევ ათ ქალაქში დავაფუძნებთ.

აქვე ვაანონსებთ, რომ სოხუმის “დინამოს” შემდეგი საფეხბურთო ცენტრი თებერვლის ბოლოს ზაჰესში გაიხსნება, ასევე – წყალტუბოშიც. ამ პროექტმა დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია, რადგან ფანატიკოსი მწვრთნელები გვყავს, ბავშვები კი სახლთან ახლოს არიან, ტრანსპორტირების ხარჯი არ შეაწუხებთ, გაერთობიან და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრებენ.

ყველა წერტილი წელსვე უნდა გავსხნათ. უკვე გადაწყვეტილია, რომ 11 თებერვლიდან სოხუმის “დინამო” დიდ დიღომში მდებარე “ვისოლის” სარაგბო ბაზაზე გადავა, რომელიც იჯარით ავიღეთ და სადაც ცენტრალიზებული აკადემია მოეწყობა. ამას გარდა, ვაჟების მთავარი გუნდი გვყავს, დუბლები, 19 და 17-წლამდელები, ასევე ქალთა გუნდი, რომელიც ეროვნულ ლიგაში გამოდიოდა”.

 

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp