FC DINAMO SOKHUMI

მამუკა ბიძინაშვილი – ბრძოლა გრძელდება !

მამუკა ბიძინაშვილი – საფეხბურთო კლუბ “დინამო” სოხუმის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

“2012 წლიდან, როდესაც კლუბი მკვდრეთით აღვადგინეთ, ბევრი ბრძოლა გადავიტანეთ ყველამ ერთად, რომელიც დღესაც გრძელდება! ეს ბრძოლა არის “დინამო” სოხუმის იმ საფეხურზე დაბრუნებისთვის, სადაც ეს მდიდარი ტრადიციების კლუბი, ისტორიულად იყო და სადაც არის კიდეც მისი ადგილი! დღეს ჩვენ ვართ უკეთ, ვიდრე რამდენიმე წლის უკან ვიყავით! ყოველდღიურად ვპროგრესირებთ და გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ “დინამო” სოხუმი ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი კლუბია ქართულ საფეხბურთო სივრცეში! რასაც ჩვენმა კლუბმა მიაღწია, ეს ადვილი გასაკეთებელი არ გახლავთ. მიღწევას როდესაც ვახსენებ, არ უნდა ვიგულისხმოთ აპრიორი სპორტული შედეგი. მთავარი იყო, რომ  კლუბი გაგვეცოცხლებინა, ფართო მასებამდე მიგვეტანა მისი მივიწყებული სახელი და არაერთი საკლუბო სეგმენტი ჩამოგვეყალიბებინა, რაც შევძელით დაუღალავი შრომის ფასად და მადლობა კლუბის თვითოეულ წევრს ამისთვის!!! შევქმენით ბავშვთა საფეხბურთო აკადემია, რაც ვფიქრობ უმთავრესია, საფეხბურთო კლუბის გამართულად ფუნქციონირებისთვის! ჩვენმა მრავალწლიანმა ძალისხმევამ, რომ სოხუმის “დინამო”-ს ქონოდა საკუთარი ბაზა და სტადიონი, შედეგი გამოიღო, რასაც მალე ნახავს ფართო საზოგადოება, რაც უდავოდ, უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლავთ! ვაჟთა გუნდის პარალელურად, ჩამოვაყალიბეთ ქალთა გუნდი, რომელიც ქალთა ლიგა 2-ში უდანაკარგოდ ასპარეზობს და ეროვნულ ლიგაში აღზევების მთავარი პრეტენდენტია! გვყავს ძალიან პერსპექტიული ჭაბუკთა და გოგონათა გუნდები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში და კიდევ ძალიან ბევრი რამ, რაც ჩვენ ყველამ, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა ერთად შევძელით, განსაკუთრებული ფინანსური შესაძლებლობების გარეშე, პრაქტიკულად ენთუზიაზმის ხარჯზე! როდესაც აღწევ ამდენს და მუშაობ მხოლოდ ეროვნული ინტერესების და იმ დიდი სიყვარულის გამო, რასაც აფხაზეთი, სოხუმი და ჩვენი ქვეყანა ქვია, წარმატება ასმაგად სასიამოვნოა! როდესაც ხედავ, რომ  შენი კლუბის სახელი იცის ყველამ და ახალგაზრდა თაობას, რომლებმაც არ იციან, რა არის სოხუმი და აფხაზეთი, უღვივებ პატრიოტულ ნაპერწკალს სპორტულ მიმართულებასთან ერთად, უფრო მეტად ინთები შენც და მეტი ძალა გეძლევა! ჩვენ გავაგრძელებთ პროგრესს და განვითარებას!!!  ბრძოლა გრძელდება!!!”

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
Share on whatsapp
WhatsApp